უკრაინის საგარეო უწყება - უკრაინული მხარე საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამია, უწყებაში შეშფოთებული არიან საქართველოში, გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულების საავადმყოფოში მყოფი უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.
„უკრაინული მხარე ანახლებს მოწოდებას საქართველოს ხელისუფლებისადმი, უზრუნველყონ მიხეილ სააკაშვილი შესაბამისი სამედიცინო დახმარებით, კერძოდ, გადაიყვანონ ის მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაუდებელი დახმარების აღმოსაჩენად“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, უწყების ცნობით, საქართველოში უკრაინის საელჩოს დიპლომატები ელოდებიან თანხმობას, რათა დღეს მოინახულონ მიხეილ სააკაშვილი, თანამშრომლობენ ადვოკატებთან, უფლებადამცველებთან და მის ნათესავებთან რეგულარული კავშირი აქვთ.
„უკრაინა კვლავაც განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვასა და მის უკრაინაში დაბრუნებას“, – აღნიშნავს უკრაინის საგარეო უწყება.