უკრაინის საგარეო უწყება - რუსეთისგან განსხვავებით, ჩვენ სხვისი არაფერი გვინდა, უკრაინა არ არის დაინტერესებული კურსკის ოლქში ტერიტორიის წაღებით, გვსურს ჩვენი ხალხის დაცვა
უკრაინის საგარეო უწყება - რუსეთისგან განსხვავებით, ჩვენ სხვისი არაფერი გვინდა, უკრაინა არ არის დაინტერესებული კურსკის ოლქში ტერიტორიის წაღებით, გვსურს ჩვენი ხალხის დაცვა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინა არ არის დაინტერესებული რუსეთის ტერიტორიის წაღებით, არამედ სურს, დაიცვას საკუთარი ხალხი.

როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, გეორგი ტიხიმ განაცხადა, კურსკის ოლქში მიმდინარე ოპერაცია არ აძლევს საშუალებას რუსეთს, დამატებითი ძალები გააგზავნოს დონეცკის ოლქში და ართულებს რუსეთის არმიის ლოგისტიკას.

„რუსეთის ფედერაციისგან განსხვავებით, ჩვენ სხვისი არაფერი გვინდა. უკრაინა არ არის დაინტერესებული კურსკის ოლქში ტერიტორიის წაღებით, გვინდა ჩვენი ხალხის სიცოცხლის დაცვა. უკრაინის შეიარაღებული ძალები ცივილიზებული ევროპული სამხედრო ძალაა, რომელიც სრულად იცავს ომის წესებსა და კანონებს, საერთაშორისო სამართალს. უკრაინის არმიის მიზანი მხოლოდ და მხოლოდ სამხედრო ხასიათისაა. ოპერაციის მიზანია ჩვენი ხალხის სიცოცხლის დაცვა და უკრაინის ტერიტორიის დაცვა რუსეთის ფედერაციის დარტყმებისგან. რუსეთი რაც მალე დათანხმდება სამართლიანი მშვიდობის აღდგენას, კერძოდ, „მშვიდობის ფორმულის“ საფუძველზე, მით უფრო სწრაფად შეწყდება უკრაინის თავდაცვის ძალების რეიდები რუსეთის ტერიტორიაზე“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ზაფხულის დასაწყისიდან დღემდე რუსეთის კურსკის ოლქიდან უკრაინის სუმის ოლქზე 2 000-ზე მეტი დარტყმა განხორციელდა, მათ შორის, გამოყენებული იყო მართვადი საავიაციო ბომბები და რაკეტები.

„სამწუხაროდ, უკრაინას არ აქვს შესაძლებლობა, შორი მანძილიდან მიიტანოს დარტყმები იმ შეიარაღებით, რომელიც გვაქვს, რათა ამ ტერორისგან თავი დავიცვათ. გადაწყვეტილებები, რომელთა მიღებასაც დაჟინებით ვითხოვთ, ჯერ არ არის. ამიტომ არის საჭირო, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების დახმარებით განხორციელდეს ამ საზღვრისპირა ტერიტორიების გათავისუფლება რუსეთის სამხედრო კონტინგენტისგან, რომელიც უკრაინაზე დარტყმებს ახორციელებს“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

ცნობისთვის, აშშ და უკრაინის სხვა მოკავშირეების ნაწილი კვლავაც არ უჭერენ მხარს დასავლეთის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღებით რუსეთის სიღრმეში დარტყმების განხორციელებას, რასაც უკრაინა, დიდი ხანია, ითხოვს.