უკრაინის საგარეო უწყება - რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა გამკაცრდეს
უკრაინის საგარეო უწყება - რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა გამკაცრდეს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო, აზოვისა და შავი ზღვის რეგიონში სიტუაციის შემდგომ ესკალაციაზე სრულ პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებაში.

კიევი მოუწოდებს მოსკოვს, დაუყოვნებლივ აღმოუჩინოს სამედიცინო დახმარება დაჭრილ სამხედროებს, უზრუნველყოს მათი სამშობლოში დაბრუნება, ასევე დააბრუნოს მიტაცებული სამხედრო ქონება და აანაზღაუროს ზარალი.

„აზოვის და შავი ზღვის რეგიონში სიტუაციის შემდგომ ესკალაციასა და რუსეთ-უკრაინის შეიარაღებული კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების მცდელობისთვის ძირის გამოთხრაზე მთელი პასუხიმგებლობა კრემლის რეჟიმს ეკისრება. მივმართავთ ყველა მოკავშირეს თუ პარტნიორ ქვეყანას, მიიღონ საჭირო ზომები, რათა აგრესორის შეკავება მოხდეს, მათ შორის ახალი სანქციების დაწესებისა და მოქმედი შეზღუდვების გაძლიერების გზით. ასევე, უკრაინას სამხედრო დახმარება გაუწიონ, რათა ქვეყანამ ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვა შეძლოს“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, 25 ნოემბერს ქერჩის სრუტეში რუსულმა ხომალდებმა უკრაინის კატარღებს ოდესის პორტიდან მარიუპოლის პორტში გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტის შედეგად, უკრაინის ექვსი მოქალაქეა დაშავებული. უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენლის ცნობით, რუს მესაზღვრეებს 20-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ჰყავთ დაკავებული.