უკრაინის საგარეო უწყება - პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ, რომ უკრაინა ინდოეთში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტზე მიიწვიონ
უკრაინა პარტნიორებთან ერთად მუშაობს საკითხზე, რომ მიიწვიონ „დიდი ოცეულის“ სამიტზე, რომელიც სექტემბერში ინდოეთში გაიმართება. როგორც „ევროპეისკაია პრავდა“ იუწყება, ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლაი ტოჩიცკიმ განაცხადა.
ტოჩიცკის თქმით, უკრაინას „დიდი ოცეულის“ სამიტში მონაწილეობა იმის გამო სურს, რომ სამიტზე ეკონომიკური პრობლემები წამოიჭრება.
„ჩვენ გვჯერა, რომ ის, რასაც რუსეთის ფედერაცია აკეთებს „მარცვლეულის შეთანხმების“ შესაწყვეტად, დიდი გამოწვევაა არა მხოლოდ აფრიკის და აზიის ქვეყნების ეკონომიკისთვის, არამედ მსოფლიო ეკონომიკისთვისაც“, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
ტოჩიცკის თქმით, სწორედ ესაა მიზეზი, რატომაც სურთ, რომ უკრაინა მიწვეული იყოს „დიდი ოცეულის“ სამიტზე.
მანამდე მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ უკრაინა „დიდი ოცეულის“ სამიტზე მიწვეული არ იყო.