უკრაინის საგარეო უწყება - მხოლოდ უკრაინასა და ნატო-ს წევრ ქვეყნებს აქვთ უფლება, უკრაინის ალიანსში გაწევრიანების საკითხი გადაწყვიტონ
უკრაინის საგარეო უწყება - მხოლოდ უკრაინასა და ნატო-ს წევრ ქვეყნებს აქვთ უფლება, უკრაინის ალიანსში გაწევრიანების საკითხი გადაწყვიტონ

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ნატო-ს წევრობის საკითხს ოფიციალური კიევი და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი თავად გადაწყვეტენ.

ამის შესახებ უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ოლეგ ნიკოლენკომ სააგენტო „უნიანთან“ საუბარისას განაცხადა.

„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყურადღება გაამახვილა რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ რუსულ პროექტებზე აშშ-სთან და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან შეთანხმებების შესახებ, რომელიც ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებს ეხება“, – განაცხადა ნიკოლენკომ.

მისი თქმით, მხოლოდ უკრაინასა და ნატო-ს წევრებს აქვთ უფლება, გადაწყვიტონ თავიანთი ურთიერთობების შემდგომი განვითარების ვექტორი, მათ შორის უკრაინის ალიანსში გაწევრიანების საკითხი და ამავე პოზიციას იზიარებს ნატო-ც, რაც დასტურდება ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს 2021 წლის 16 დეკემბრის განცხადებით.

„იგივე ეხება უკრაინის ექსკლუზიურ სუვერენულ უფლებას, დამოუკიდებლად განსაზღვროს უცხო ქვეყნებთან ურთიერთობის განვითარება ორმხრივ დონეზე, მათ შორის სამხედრო თანამშრომლობის სფეროში. ჩვენ ხაზს ვუსვამთ საყოველთაოდ აღიარებულ ფაქტს, რომ ევროატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოების მთავარი პრობლემა ახლა არის რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესია, ისევე როგორც რუსეთის ამჟამინდელი ესკალაცია უკრაინის საზღვრებთან და მის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. სწორედ რუსეთის მიერ გაჩაღებული საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის ესკალაციის შეზღუდვა და დასრულება არის კონტინენტზე უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია. ამასთან დაკავშირებით რუსეთს მოვუწოდებთ, პირველ ეტაპზე დაუყოვნებლივ და უპირობოდ დაუბრუნდეს კონსტრუქციულ დღის წესრიგს და ახლავე დაიწყოს „მინსკის შეთანხმებების“ და „ნორმანდიული ფორმატის“ ლიდერების შეთანხმებების შესრულება. მათ შორის ე.წ. ნორმანდიული ოთხეულის 2019 წლის სამიტის საბოლოო დასკვნების შესრულება, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მკაცრ დაცვას, ძალებისა და აღჭურვილობის შემდგომ დაშორიშორებას, განაღმვის პროცესის გაგრძელებას, „პარიზის სამიტის“ ძირითადი შეთანხმებების პოლიტიკური ასპექტების განხორციელებას და შეხების ხაზზე ახალი საგუშაგოების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფას, აგრეთვე დაკავებულების გაცვლის პროცესის შემდგომი ეტაპის განხორციელებას ეხება“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო უწყებამ დღეს გამოაქვეყნა ხელშეკრულებების ორი პროექტი, რომელიც აშშ-სა და ნატო-ს მიმართ ოფიციალური მოსკოვის მოთხოვნებს მოიცავს.