უკრაინის საგარეო უწყება - მინისტრის მოადგილემ ქართულ მხარეს აცნობა პოზიცია უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის ღირსეულად მოქცევის აუცილებლობისა და მისდამი ფიზიკური ძალის გამოუყენებლობის შესახებ
უკრაინა საქართველოსგან მოითხოვს, ღირსეულად მოექცნენ უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს, უკრაინისთვის მიუღებელია სააკაშვილის მიმართ ძალადობის გამოყენება, – შესაბამისი განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლაი ტოჩიცკიმ უკრაინაში საქართველოს ელჩთან, გიორგი ზაქარაშვილთან შეხვედრის დროს გააკეთა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„მინისტრის მოადგილემ ქართულ მხარეს აცნობა ჩვენი ხელისუფლების პოზიცია უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის ღირსეულად მოქცევის აუცილებლობისა და მისდამი ფიზიკური ძალის გამოუყენებლობის შესახებ“, – აცხადებენ სამინისტროში.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა კვლავაც განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს სააკაშვილის უფლებების დაცვას, რაც საქართველოს ვალდებულებაა საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად.