უკრაინის საგარეო უწყება - კონსულტაციებისთვის ელჩის გამოძახების გადაწყვეტილებაში უკრაინა-საქართველოს ურთიერთობისთვის საფრთხეს ვერ ვხედავთ
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ უკრაინაში საქართველოს ელჩი, თეიმურაზ შარაშენიძე უკრაინიდან არ გაუწვევიათ, არამედ თბილისში კონსულტაციისთვის გამოიძახეს.
ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში საქართველო-უკრაინას შორის ორმხრივი ურთიერთობისთვის საფრთხეს ვერ ხედავენ.
„ეს არა ყოველდღიური, მაგრამ ჩვეულებრივი პრაქტიკაა დიპლომატების მუშაობაში. ჩვენ ამ გადაწყვეტილებაში ვერ ვხედავთ ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობისთვის საფრთხეს. ჩვენ გადაკვეთის ბევრი წერტილი და საერთო გამოწვევები გვაქვს. ამავდროულად, ეპიდემიის დაძლევა და ეკონომიკის სტაბილიზაცია, ჩვენთვის, ევროპელებისთვის საერთო დავალებაა. ეს გამოწვევები, უკრაინის მთავრობისგან ახალი მიდგომების შემუშავებას და არასტანდარტული გადაწყვეტილების მიღებას ითხოვს. მიხეილ სააკაშვილი – უკრაინის მოქალაქეა, აქვს დიდი გამოცდილება და რეფორმების განხორციელების კუთხით მნიშვნელოვანი მიღწევები, რომლებიც ფართოდაა აღიარებული მსოფლიოში“, – ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ასევე აღნიშნავენ, რომ მოუწოდებენ ქართველ მეგობრებსა და პარტნიორებს, გაითვალისწინონ მათი არგუმენტები და უკრაინაში რეფორმების პროცესი ორმხრივ ურთიერთობებზე არ უნდა აისახოს.
„უკრაინა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა – ეს ჩვენი ხალხის ნებაა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მას სრულად შევუწყოთ ხელი“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა.
საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძეს თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახებენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, საქართველო არ განიხილავს უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას, ან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას, თუმცა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ მსჯავრდებული და ძებნილი ადამიანის მსგავსი დანიშვნაც კი შეკითხვებს იწვევს.