უკრაინის საგარეო უწყება „დიდი შვიდეულისა“ და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მიმართავს, კახოვკის ჰესის აფეთქების გამო რუსეთის მიმართ ახალი სანქციები განიხილონ
უკრაინის საგარეო უწყება „დიდი შვიდეულისა“ და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მიმართავს, კახოვკის ჰესის აფეთქების გამო რუსეთის მიმართ ახალი სანქციები განიხილონ

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, მკაცრად დაგმონ რუსეთის მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქება.

როგორც უკრაინული მედია წერს, საგარეო უწყებამ ასევე მიმართა „დიდი შვიდეულის“ ჯგუფისა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, განიხილონ ახალი სანქციების დაწესება რუსული სარაკეტო ინდუსტრიისა და ბირთვული სფეროს მიმართ.

„კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქება არის ხელოვნური და ეკოლოგიური ტერორიზმი, უმსხვილესი ხელოვნური კატასტროფა ევროპაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში, რუსეთის მიერ უკრაინელების წინააღმდეგ გამოვლენილი მორიგი გენოციდი. ეს არის კრემლის პასუხი იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთს სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებენ“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, შეუერთდნენ პრეზიდენტ ზელენსკის სამშვიდობო ინიციატივას, კერძოდ კი, გენოციდის წინააღმდეგ, ასევე ბირთვული და ენერგეტიკული უსაფრთხოების შესახებ პუნქტებს.

უკრაინა აგრეთვე გეგმავს გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას.