უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და სი ძინპინის შეხვედრისთვის მუშაობა მიმდინარეობს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, გეორგი ტიხის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის შეხვედრისთვის მუდმივი მუშაობა მიმდინარეობს.
ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა, – წერს უკრაინული მედია.
ქვეყნის საგარეო უწყების წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვან ის შორის მოლაპარაკების შედეგებზე ისაუბრა, რომელიც 24 ივლისს გუანჯოუში გაიმართა.
„დააახლოვა თუ არა მინისტრ კულებას ჩინეთში შეხვედრამ, მოლაპარაკებებმა და ვიზიტმა უკრაინისა და ჩინეთის ლიდერების პოტენციური შეხვედრა? უეჭველად დააახლოვა. მაგრამ როდის გაიმართება ასეთი შეხვედრა, როდის იქნება ეს შეთანხმება, ამაზე საუბარი ნაადრევია“, – განაცხდა გეორგი ტიხიმ.