უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მოსკოვთან მოლაპარაკებები მხოლოდ უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ძალების სრულად გაყვანის შემდეგ არის შესაძლებელი
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მოსკოვთან მოლაპარაკებები მხოლოდ უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ძალების სრულად გაყვანის შემდეგ არის შესაძლებელი

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მოსკოვთან მოლაპარაკებები შესაძლებელია მხოლოდ უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ძალების სრულად გაყვანის შემდეგ.

უწყება გამოეხმაურა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებას, რომელიც ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების ინიციატივით გამოვიდა.

„ცეცხლის შეწყვეტა ამ პირობის შესრულების გარეშე შედეგად გამოიღებს სტატუს კვოს გაყინვას, რუსეთს გადაჯგუფების, ძალების მობილიზების შესაძლებლობას მისცემს და აგრესიის ახალ ტალღას გამოიწვევს. ეს დამტკიცებულია 2014-2022 წლების გამოცდილებით“, – აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოლეგ ნიკოლენკომ.

უწყების სპიკერის თქმით, უკრაინის ქალაქებზე რუსეთის მუდმივი სარაკეტო დარტყმები და დრონებით იერიშები აშკარა მტკიცებულებაა, რომ მოსკოვი არ განიხილავს სხვა სცენარებს, გარდა ომის გაგრძელებისა.

„ამავე დროს, ჩვენ ვითვალისწინებთ ვიქტორ ორბანის განცხადებას, რომ მისთვის რთულია, იყოს ევროკავშირში ერთადერთი პრემიერ-მინისტრი, რომელიც მშვიდობას უჭერს მხარს. იმისთვის, რომ შევუმსუბუქოთ მას სიტუაცია, მოვუწოდებთ უნგრეთის მთავრობის მეთაურს, დაიწყოს მოქმედება. მაგალითად, დაგმოს რუსეთის აგრესია, მოითხოვოს მოსკოვისგან ომის შეწყვეტა და რუსეთის არმიის რუსეთის ტერიტორიაზე დაბრუნება, შეუერთდეს რუსეთის საერთაშორისო იზოლაციის ზომებს, ძირი არ გამოუთხაროს ევროკავშირის ერთიანობას“, – განაცხადა საგარეო საქმეთა უწყების წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, უნგრეთის სახელმწიფო რადიოსთან ინტერვიუში ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინის კონტრშეტევის დაწყებამდე ყველაფერი უნდა გაკეთდეს მხარეების დასარწმუნებლად, რომ ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო მოლაპარაკებები აუცილებელია. უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, მან, რომელსაც წელიწადნახევრიანი სამხედრო გამოცდილება აქვს, კარგად იცის, რომ შემტევი მხარე სამჯერ მეტ ზარალს განიცდის, ვიდრე ის, ვინც თავს იცავს.