უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებული ყირიმიდან ე.წ. დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით თურქეთისგან განმარტებას ითხოვს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმიდან ე.წ. დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით თურქეთისგან განმარტებას ითხოვს. ამის შესახებ საგარეო უწყების წარმომადგენელი ოლეგ ნიკოლენკო წერს.
ყირიმის ქალაქ იალტის სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლებმა გუშინ თურქეთში ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების საერთაშორისო ორგანიზაციის სხდომაში მონაწილეობის შესახებ განაცხადეს. მათი ცნობით, სხდომაზე გაფორმდა სტამბოლის ერთ-ერთ რაიონთან დაძმობილების შეთანხმებაც.
„აღნიშნულ სიტუაციას უკიდურესად სერიოზულად აღვიქვამთ. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაციის ვიზიტის სტატუსთან დაკავშირებით თურქულ მხარეს ოფიციალური ახსნა-განმარტებები უკვე მოსთხოვა“, -აღნიშნა ნიკოლენკომ.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ყირიმი, საერთაშორისო სამართლით, უკრაინის ტერიტორიაა, რომელიც დროებით არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციები კი ნებისმიერი მხარისგან მოითხოვს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებმაც, შესაძლოა, ყირიმის სტატუსი ეჭვქვეშ დააყენოს, კერძოდ, საოკუპაციო ადმინისტრაციასთან კონტაქტების გზით.
„ველოდებით, რომ თურქეთის ხელისუფლება, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, შესაბამის რეაგირებას მოახდენს რუსეთის პროვოკაციაზე და არ დაუშვებს მომავალში მის განმეორებას“, – აღნიშნა ნიკოლენკომ.