უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - კიევი ვილნიუსის ნატო-ს სამიტს წარმატებულად ჩათვლის, თუ ალიანსი მტკიცე ნაბიჯს გადადგამს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მკაფიო ალგორითმის განსასაზღვრად
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - კიევი ვილნიუსის ნატო-ს სამიტს წარმატებულად ჩათვლის, თუ ალიანსი მტკიცე ნაბიჯს გადადგამს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მკაფიო ალგორითმის განსასაზღვრად

კიევი ვილნიუსში ნატო-ს სამიტს წარმატებულად ჩათვლის, თუ ალიანსი მტკიცე ნაბიჯს გადადგამს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მკაფიო ალგორითმის განსასაზღვრად. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ევგენი პერებიინისმა კიევში მიმდინარე კონფერენციაზე სახელწოდებით – „უკრაინა და ნატო ვილნიუსის სამიტის წინ“.

როგორც უკრაინელმა დიპლომატმა აღნიშნა, დიდი იმედგაცრუება იქნება, თუკი 2023 წლის ვილნიუსის სამიტი 2008 წლის ბუქარესტის სამიტის იმედგაცრუებას გაიმეორებს.

„ვილნიუსის სამიტი შეიძლება ჩავთვალოთ წარმატებულად, თუ მოკავშირეები მტკიცე ნაბიჯს გადადგამენ ბუნდოვანი ფორმულირებებიდან, რომ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი, მკაფიო ალგორითმისკენ, რომელიც აჩვენებს, როგორ და როდის მოხდება ეს“, – განაცხადა პერებიინისმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, იმის გაცნობიერებამ, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება შეუქცევადია, შესაძლოა, დეესკალაციას შეუწყოს ხელი, რადგან რუსეთი ომისთვის ფორმალურ საბაბს საბოლოოდ დაკარგავს.

„დე ფაქტო უკრაინა უკვე არის ნატო-ს წევრი და ეფექტიანად იცავს აღმოსავლეთ ფლანგს. ამ რეალობის საბოლოოდ აღიარებისთვის საჭიროა იმ მითებზე უარის თქმა, რომლებსაც რუსეთი წლების განმავლობაში ავრცელებდა ნატო-ს წევრებს შორის, რომ ნატო-ში უკრაინის წევრობა არის წითელ ხაზებს შორის ყველაზე მუქი. ეს რუსული შანტაჟის გადალახვის შესაძლებლობას მოგვცემს“, – აღნიშნა პერებიინისმა.