უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ქერჩის სრუტეს საერთაშორისო სტატუსი უნდა მიენიჭოს
კიევს სურს, ქერჩის სრუტეს საერთაშორისო სტატუსი მიენიჭოს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ელენა ზერკალმა განაცხადა. დიპლომატის თქმით, ქერჩის სრუტის საერთაშორისო სტატუსი რუსეთის „სპეკულაციებისგან“ დასაცავადაა საჭირო.
მანამდე, რუსეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ ქერჩის სრუტეს არასოდეს ჰქონია საერთაშორისო სტატუსი.
2018 წლის 25 ნოემბერს რუსეთის სანაპირო დაცვის სამსახურმა სამი უკრაინული ხომალდი დააკავა. ინციდენტი საერთაშორისო წყლებში, ქერჩის სრუტესთან ახლოს მოხდა.
უკრაინის მთავრობა რუსეთის მიერ დაკავებულ უკრაინელ მეზღვაურებს სამხედრო ტყვეებად მიიჩნევს.
25 მაისს საზღვაო სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალმა განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინელი სამხედროები და უკრაინული გემები უნდა გაათავისუფლოს. კრემლში აცხადებენ, რომ ტრიბუნალის ასეთი გადაწყვეტილების მიღების იურისდიქცია არ აქვს. კიევში კი საერთაშორისო ტრიბუნალის ვერდიქტის დაუმორჩილებლობის გამო, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების მიღებას ითხოვენ.