უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, თეირანში ჩამოვარდნილი ავიალაინერის ბორტზე რვა ქვეყნის მოქალაქეები იმყოფებოდნენ
თეირანში ჩამოვარდნილი უკრაინული ავიალაინერის ბორტზე რვა ქვეყნის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. გარდაცვლილთა შორის 82 ირანის, 63 კანადის, 11 უკრაინის, მათ შორის ეკიპაჟის ცხრა წევრი, 10 შვედეთის, ოთხი ავღანეთის, სამი გერმანიის და სამი ბრიტანეთის მოქალაქეა, – აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ვადიმ პრისტაიკო ადასტურებს.
ავიალაინერის ბორტზე სულ 176 ადამიანი იმყოფებოდა.
თვითმფრინავმა თეირანის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ, კატასტროფა რამდენიმე წუთში განიცადა. გამოძიება წინასწარ ვერსიად ტექნიკურ გაუმართაობას განიხილავს.
„უკრაინის ავიახაზების“ ინფორმაციით, თვითმფრინავი ბოინგ 737-800 2016 წელს არის აგებული და ის მწარმოებლისგან პირდაპირ მათ კომპანიას გადაეცა.
ტრაგედიის ადგილიდან ამოღებულია ორივე შავი ყუთი. მომხდარის გამო, უკრაინის ავიახაზებმა თეირანიდან რეისების განხორციელება დროებით შეწყვიტა.