უკრაინის საგარეო დაზვერვა – ჩინეთი გეგმავს, მალე გაზარდოს სატვირთო გადაზიდვები ევროპასთან ტრანსკასპიური მარშრუტის მეშვეობით, რომელიც ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე, რუსეთის გვერდის ავლით გადის

21:56, 31.05.2026

ჩინეთი გეგმავს, მალე გაზარდოს სატვირთო გადაზიდვები ევროპასთან ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TMTM) მეშვეობით, რომელიც ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე, რუსეთის გვერდის ავლით გადის, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მარშრუტის საერთო სიგრძე 4250 კილომეტრზე მეტია და მისი ყველაზე გრძელი მონაკვეთი ყაზახეთზე გადის.

„ამ დერეფნის გასწვრივ ლოგისტიკა უფრო რთულად ითვლება, ვიდრე რუსეთის გავლით ტრანზიტი, რადგან ის აერთიანებს რკინიგზის ტრანსპორტს, პორტის ინფრასტრუქტურას, ბორნების გადასასვლელებს და რამდენიმე ქვეყანას შორის რთულ საბაჟო პროცედურებს. თუმცა პეკინი და ასტანა აქტიურად ავითარებენ ამ პროექტს“, – აცხადებენ დაზვერვის სამსახურში.

მათივე ცნობით, ამ გეგმების განსახორციელებლად ყაზახეთის რკინიგზამ გამოაცხადა, რომ აპირებს 2030 წლისთვის დაახლოებით ათი მილიარდი დოლარის ინვესტირებას რკინიგზის, პორტისა და ტერმინალის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაში.

„2026 წელს დაგეგმილია 900 კმ ახალი ლიანდაგის აშენება. კერძოდ, დაახლოებით 300 კმ აიაგოზ-ბახტის მონაკვეთზე, რომელიც შექმნის მესამე რკინიგზის გადასასვლელს ჩინეთთან საზღვარზე. ეს გაზრდის მარშრუტის გამტარუნარიანობას 55 მილიონიდან 100 მილიონ ტონამდე წელიწადში 2030 წლისთვის. წყლით გადაადგილების შეფერხებების აღმოსაფხვრელად ყაზახეთის რკინიგზა 100 მილიონ დოლარზე მეტს ჩადებს ექვს ახალ სატვირთო გემში აქტაუს, კურიკისა და ბაქოს პორტებს შორის მომსახურებისთვის“, – აცხადებს უკრაინის დაზვერვის სამსახური.

ამასთან,  ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტების ასოციაციის მონაცემებით, დერეფანში ტრანსპორტირების მოცულობამ 2023 წელს – 2.76 მილიონი ტონა, 2024 წელს – 4.48 მილიონი ტონა და 2025 წელს 4.12 მილიონი ტონა შეადგინა.

მსგავსი