უკრაინის სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ქალაქ ბორისოგლებსკში, საავიაციო ქარხანაზე უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმის შედეგად ძირითადი საწარმოო ობიექტები დაზიანდა
რუსეთის ფედერაციის ვორონეჟის ოლქის ქალაქ ბორისოგლებსკში, საავიაციო ქარხანაზე უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმის შედეგად ძირითადი საწარმოო ობიექტები დაზიანდა, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა, ანდრეი იუსოვმა განაცხადა.
უკრაინის სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ საავიაციო ქარხანა დაიბომბა.
„ეს არის ის, რაც შეგვიძლია დავადგინოთ სხვადასხვა წყაროდან. გაისმა აფეთქების ხმები – ჩვენც შეგვიძლია, ეს დავადასტუროთ. დეტალებს არ გავამხელთ“, – განაცხადა ანდრეი იუსოვმა.
დღეს რუსულმა ტელეგრამარხებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 9 აპრილის ღამეს ვორონეჟის ოლქში ბორისოგლებსკის საავიაციო სასწავლო ცენტრს უპილოტო თვითმფრინავები დაესხნენ თავს. ცენტრს, სავარაუდოდ, თავს ორი უპილოტო აპარატი დაესხა.