უკრაინის რადაში ლუდმილა დენისოვას მიერ ფიცის დარღვევის შესაძლო ფაქტების შესამოწმებლად დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ
უკრაინის რადაში ლუდმილა დენისოვას მიერ ფიცის დარღვევის შესაძლო ფაქტების შესამოწმებლად დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ

ფრაქცია „ხალხის მსახურის“ დეპუტატი მაქსიმ დირდინი წინადადებით გამოდის, შეიქმნას დროებითი სპეციალური კომისია, რომელიც შეამოწმებს უზენაესი რადას მიერ უფლებამოსილება მინიჭებული, ადამიანის უფლებათა დამცველ ლუდმილა დენისოვას მიერ ფიცის დარღვევის შესაძლო ფაქტებს. UNIAN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარია დადგენილების პროექტში.

როგორც მედია წერს, დროებითი საგამოძიებო კომისიის მთავარი ამოცანა ფიცის დარღვევის ფაქტების შემოწმება და ომბუდსმენის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლების არსებობის შესახებ დასკვნის მომზადება იქნება.

განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ საპარლამენტო ფრაქციებისა და ჯგუფის ხელმძღვანელებმა მიიღეს ექვსი განცხადება დენისოვას თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხზე მოქალაქე დ.მ. კაჩურასგან, რომელიც სასამართლოს რამდენიმე გადაწყვეტილებას ეფუძნებოდა.

კერძოდ, UNIAN-ის ინფორმციით, სასამართლოები მივიდნენ დასკვნამდე, რომ დენისოვამ სრულყოფილად არ განიხილა კაჩურას ელექტრონული მიმართვები და ეს ხელახლა უნდა გააკეთოს. ამის გამო, კაჩურა ითხოვს, ომბუდსმენის გათავისუფლების საკითხი დადგენს მის განცხადებებში მოყვანილი ფაქტების საფუძველზე, ფიცის დარღვევის გამო.

„უმაღლესი რადა, ამ მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განიხილავს საკითხს და იღებს შესაბამის დადგენილებას უფლებამოსილი პირის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის ან სახალხო დეპუტატების არანაკლებ ერთი მეოთხედის, ან უკრაინის უმაღლესი რადას კონსტიტუციური შემადგენლობის გადაწყვეტილებით“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.

ამასთან, UNIAN იმასაც წერს, რომ უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა დამცველ ლუდმილა დენისოვას არ მისცეს უფლება, ციხის საავადმყოფოში მოენახულებინა საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი, მოგვიანებით, განყოფილებაში განმარტეს, რომ ის პატიმართა ვიზიტორთა სიაში არ შედიოდა. მედიის ცნობით, მანამდე დენისოვამ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები სააკაშვილის მიმართ წამებასთან გააიგივა.