უკრაინის რადამ უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი ხელმძღვანელები დანიშნა
უკრაინის რადამ უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი ხელმძღვანელები დანიშნა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის რადამ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი ხელმძღვანელები დანიშნა. კერძოდ, პრეზიდენტის წარდგილებით, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვასილი მალიუკი გახდა, შს მინისტრის თანამდებობა კი იგორ კლიმენკომ დაიკავა.

ზელენსკის თქმით, ხელისუფლებაში მეტი ადამიანი უნდა იყოს, ვისაც სახელმწიფოს რეალური დაცვის გამოცდილება აქვს.

„რამდენიმე შეხვედრა გავმართე სამხედროებთან, დაზვერვის ხელმძღვანელთან. ჩვენ მაქსიმალურ ყურადღებას ვაქცევთ იმას, თუ რას ამზადებენ დამპყრობლები და რა სჭირდებათ ჩვენს ჯარისკაცებს ეფექტური წინააღმდეგობის გაწევისთვის ყველა მიმართულებით. დონეცკის რეგიონი და აღმოსავლეთი, იქ ცხელა, ყოველდღე ვახსენებ. ასეთ მოწოდებებში ნაკლებად ჟღერს სამხრეთი, თუმცა ამ მიმართულებების სტრატეგიული მნიშვნელობა არანაკლებია და სახელმწიფოს მთელ პერიმეტრზე ვამაგრებთ. ახლა ჩვენ გვყავს ადამიანები, რომლებმაც მიიღეს ომის გამოცდილება, აქვთ მკაფიო შედეგები სახელმწიფოსთვის, რომელიც იბრძვის თავისი ხალხისთვის და დამოუკიდებლობისთვის. მეტი ასეთი ადამიანი უნდა იყოს სხვადასხვა დონის თანამდებობებზე, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებაში“, – განაცხადა ვიდეომიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ.