უკრაინის პროკურატურა დავით საყვარელიძეს სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს
ლვოვის პროკურატურამ დავით საყვარელიძეს შეგინის გამშვებ პუნქტზე საზღვრის გადაკვეთის საქმეზე საბრალდებო ოქმი ჩააბარა.
ამის შესახებ საყვარელიძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.
უკრაინის პროკურატურა საყვარელიძეს სისხლის სამართლის კოდექსის 293-ე, 342-ე და 343-ე მუხლების დარღვევაში ადანაშაულებს.
ოქმის თანახმად, საყვარელიძეს ბრალი ედება ჯგუფურ ქმედებებში, რომლებმაც დაწესებულების მუშაობის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ასევე უკრაინის სახელმწიფო საზღვარზე პირთა უკანონო გადაყვანის ხელშეწყობაში.
ამას გარდა, დავით საყვარელიძეს სამართალდამცველთათვის წინააღმდეგობის გაწევაში ადანაშაულებენ, ასევე სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლებზე ზემოქმედებაში მათ მიერ სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულების ხელის შეშლის მიზნით.
თავად საყვარელიძემ მის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას „სინდისის საქმე“ უწოდა.
მიხეილ სააკაშვილმა, თავის თანაგუნდელებთან ერთად, რომელთა შორის დავით საყვარელიძეც იყო, უკრაინის საზღვარი პოლონეთის ტერიტორიიდან 2017 წლის 10 სექტემბერს გადაკვეთა.