უკრაინის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ტოვებს
უკრაინის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ტოვებს

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ ალექსეი გონჩარუკმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა.

როგორც უკრაინის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება ქვეყნის პრეზიდენტს უკვე გადასცა.

„ამ თანამდებობაზე მოვედი, რათა პრეზიდენტის პროგრამა შემესრულებინა. ის ჩემთვის წესიერების მაგალითია. იმისთვის, რომ გაქრეს ნებისმიერი ეჭვი ჩვენი პრეზიდენტის მიმართ პატივისცემასა და ნდობასთან დაკავშირებით, დავწერე განცხადება თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით და გადავეცი პრეზიდენტს“, – განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სოციალური ქსელის საშუალებით.

ამასთან ერთად, ალექსეი გონჩარუკმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფნის დროს მან ქვეყნის განვითარებისთვის კარგი ფუნდამენტი შექმნა.

ალექსეი გონჩარუკს გადაწყვეტილების მიზეზი არ დაუსახელებია, თუმცა ცოტა ხნის წინ უკრაინულ მედიაში გავრცელდა აუდიოჩანაწერი, სადაც პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ეკონომიკაში ვერ ერკვევა.