უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი რობერტ ფიცოს შეხვდა
უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი რობერტ ფიცოს შეხვდა

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი სლოვაკელ კოლეგას, რობერტ ფიცოს შეხვდა. შეხვედრა უკრაინის ქალაქ უჟგოროდში გაიმართა.

მოლაპარაკებებისას მხარეებმა ინფრასტრუქტურულ თანამშრომლობაზე, ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და კიევის სამშვიდობო გეგმის მხარდაჭერაზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ სლოვაკეთი უკრაინას ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით გადაუდებელ დახმარებას იმ შემთხვევაში გაუწევს, თუ ელექტროენერგია უკრაინაში მასშტაბურად შეწყდება.

„ჩვენ გვსურს, რომ უკრაინამ ღირსეულად გადაიტანოს ზამთარი. ელექტროენერგიის მიწოდების მასშტაბურად შეწყვეტის შემთხვევაში, ჩვენ უზრუნველვყოფთ საგანგებო ენერგომომარაგებას. ჩვენ გვესმის, რომ თქვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი განადგურებულია, მაგრამ გვსურს უზრუნველვყოთ მისი აღდგენა. ევროკავშირში გვაქვს ერთიანი ენერგობაზარი და ის თქვენზეც უნდა გავრცელდეს“, – განაცხადა ფიცომ.

ამასთან, შეხვედრაზე სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს, რომელიც მოიცავს უკრაინის ენერგოსისტემის მხარდაჭერას.