უკრაინის პატრიარქი - უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მისანიჭებლად ერთიანი კრება უნდა გაიმართოს
უკრაინის პატრიარქის ფილარეტის განცხადებით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მისანიჭებლად ერთიანი კრება უნდა გაიმართოს. პატრიარქის თქმით, ასეთი სინოდი უახლოეს მომავალში შეიკრიბება. ეს იქნება ეპისკოპოსების შეკრება, სადაც ასევე მიწვეული იქნებიან რუსი ეპისკოპოსები. შემდეგ კი, გაგრძელდება ტომოსის გამოცემის პროცესი, რითაც გაგრძელდება მოსკოვის საპატრიარქოს ეპარქიებისა და მონასტრების გაერთიანების პროცესი.
მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (კიევის საპატრიარქო) პატრიარქ ფილარეტს და უკრაინის ეკლესიის მიტროპოლიტ მაკარის ანათემა მოუხსნა. წმინდა სინოდის განჩინება კონსტანტინოპოლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მედიის წინაშე წაიკითხა.
გარდა ამისა, მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა 1686 წლის სინოდალური წერილი, რომლის მიხედვით მოსკოვის პატრიარქს კიევის მიტროპოლიტის ხელდასმის უფლებას აძლევდა, გაუქმებულად გამოცხადა.
მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლის თქმით, უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესი გრძელდება.
ავტოკეფალიის მინიჭების შემთხვევაში, ფილარეტი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის თანამდებობაზე მთავარი პრეტენდენტია. მისთვის ანათემის მოხსნა ამისთვის აუცილებელი პირობა იყო.
კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წმინდა სინოდის სხდომა სტამბოლში 9 ოქტომბერს დაიწყო და დღეს დასრულდა. სტამბოლში იმყოფებოდნენ კიევში მსოფლიო პატრიარქის მიერ მივლენილი ეგზარქოსები, რომლებიც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე სინოდის სხდომაზე ანგარიშით წარდგნენ.