უკრაინის პარლამენტი დღეს სავარაუდოდ პრემიერის გადადგომის საკითხზე იმსჯელებს
უკრაინის პარლამენტში დღეს სავარაუდოდ პრემიერ-მინისტრის, ალექსეი გონჩარუკის გადადგომის საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.
4 მარტს უკრაინის უმაღლესი რადა ქვეყნის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის მოთხოვნით რიგგარეშე სხდომაზე შეიკრიბება.
როგორც უკრაინული მედია წერს, ალექსეი გონჩარუკს უკრაინის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დენის შმიგალი შეცვლის.
მანამდე, ცნობილი გახდა, რომ უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის სხდომაზე გადაწყდა, რომ უმრავლესობის წევრები გონჩარუკის გადადგომის შესახებ განცხადებას დააკმაყოფილებენ.
გონჩარუკმა უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება იანვარშიც დაწერა, თუმცა მაშინ პრეზიდენტმა მისი თხოვნა არ დააკმაყოფილა.
მაშინ ალექსეი გონჩარუკს გადაწყვეტილების მიზეზი არ დაუსახელებია, თუმცა უკრაინულ მედიაში გავრცელდა აუდიოჩანაწერი, სადაც მამაკაცი, რომლის ხმაც პრემიერ-მინისტრისას ჰგავს, ამბობს, რომ პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ეკონომიკაში ვერ ერკვევა.
უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში რიგგარეშე სხდომა კიევის დროით 16:00 საათზე დაიწყება.