უკრაინას საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებები შეაქვს, რაც ექსპორტიორებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის
უკრაინის მთავრობამ საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის პროცედურა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“ უკრაინის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, 16 იანვარს უკრაინის მთავრობამ პირველ ვიცე-პრემიერს, სტეპან კუბივს დაავალა, ხელი მოაწეროს უკრაინისა და საქართველოს მთავრობებს შორის პროტოკოლს 1995 წლის 9 იანვრის თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.
უკრაინის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილებები უკრაინასა და საქართველოს საშუალებას მისცემს, ორმხრივ ვაჭრობაში გამოიყენონ პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენცული წარმოშობის შესახებ რეგიონული კონვენციის დებულებები, კერძოდ დიაგონალური კუმულაციის ეფექტი.
2019 წლის პირველი იანვრიდან უკრაინამ ევროკავშირთან ვაჭრობაში პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის კონვენციის გამოყენება დაიწყო. ეს არის ევროკავშირის მიერ შემუშავებული ინსტრუმენტი თავის სავაჭრო პარტნიორებთან, ასევე ამ ქვეყნების ერთმანეთთან თანამშრომლობისთვის. კიევში აცხადებენ, რომ კონვენციაში უკრაინის მონაწილეობა ხელს შეუწყობს უკრაინული პროდუქციის მესამე ქვეყნების ბაზრებზე შესვლას.
როგორც უკრაინული მედია წერს, პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის კონვენციის თანახმად, უკრაინაში პროდუქციის წარმოების დროს შესაძლებელი იქნება საქართველოში ნედლეულისა და შემადგენელი ელემენტების შეძენა, ხოლო მზა პროდუქციის ექსპორტი კი, კონვენციის მონაწილე სხვა ქვეყნებში. ანალოგიურად, შესაძლებელი იქნება საქართველოში წარმოების დროს უკრაინული მასალების გამოყენება და შემდგომ მზა პროდუქციის ექსპორტი.
„პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ უკრაინელი მწარმოებლები შეძლებენ საქართველოდან ნედლეულის იმპორტს, უკრაინაში მის გადამუშავებას და მაგალითად, გერმანიაში ექსპორტს წარმოშობის უკრაინული სერტიფიკატებით“, – განმარტა ვიცე-პრემიერმა, სტეპან კუბივმა.
კუბივის თქმით, პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის კონვენციის გამოყენება უკრაინულ-ქართულ ვაჭრობაში უკრაინელი ექსპორტიორებისთვის უფრო ხელსაყრელ პირობებს შექმნის.
უკრაინა პან-ევრო-ხმელთაშუაზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ რეგიონულ კონვენციის წევრი 2018 წლის პირველ თებერვალს გახდა. საქართველო კი, მას 2017 წლის მაისში შეუერთდა. კონვენციის მონაწილე ქვეყნებს ერთმანეთის ნედლეულისა და მასალების გამოყენება შეუძლიათ, საქონლის წარმომავლობის პრეფერენციული სტატუსის დაკარგვის გარეშე.