უკრაინის მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის“ დეპუტატმა, იგორ კრივოშეევმა პარტია დატოვა და მიზეზად საკადრო პოლიტიკა დაასახელა
უკრაინის მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის“ დეპუტატმა, იგორ კრივოშეევმა პარტია დატოვა და მიზეზად საკადრო პოლიტიკა დაასახელა

უკრაინის მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის“ დეპუტატმა, იგორ კრივოშეევმა პარტიის დატოვების შესახებ განაცხადა. დეპუტატი თავის გადაწყვეტილებას პარტიის საკადრო პოლიტიკით ხსნის. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.

როგორც კანონმდებელმა აღნიშნა, არისტოვსა და ტიშენკოსთან დაკავშირებული სკანდალები არის პარტიის საკადრო პოლიტიკის შედეგები და წარმოადგენს სისტემურ პრობლემას.

„ჩემი ეს გადაწყვეტილება დიდი ხანია მწიფდებოდა. სამი სიტყვით თუ ვიტყვი – ეს პარტიის საკადრო პოლიტიკაა. ალბათ ყველამ იცის სახალხო დეპუტატებთან, არისტოვთან და ტიშენკოსთან დაკავშირებული სკანდალის შესახებ და, სავარაუდოდ, ცოტამ თუ იცის, რომ ამ ორ პირს ჰქონდათ კარტბლანში ზაკარპატიეს ოლქთან დაკავშირებით პარტიული გადაწყვეტილებების მიღებაზე. ზაკარპატიეს მცხოვრებლებმა შესანიშნავად იცოდნენ, რა ადამიანები იყვნენ ისინი, თუმცა ცენტრალურ დონეზე ჩვენ მოგვიწია საჯარო სკანდალების ლოდინი. ისინი დაისაჯნენ და საკითხი თითქოს ამოიწურა. თუმცა ორივე მათგანი არის პარტიის საკადრო პოლიტიკის შედეგი. ეს არის სისტემური პრობლემა“, – წერს იგორ კრივოშეევი.

როგორც დეპუტატმა ასევე აღნიშნა, მას რცხვენია, რომ აქამდე ამაზე დუმდა.

იგორ კრივოშეევი არის მმართველი პარტიის ზაკარპატიეს საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე. 2023 წელს ის საგარეო პოლიტიკისა და პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის კომიტეტის წევრად აირჩიეს.