უკრაინის ხერსონის საოლქო საბჭოს თავმჯდომარეს საზოგადოებრივი აქტივისტის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალი წაუყენეს
უკრაინის ხერსონის საოლქო საბჭოს თავმჯდომარე ვლადისლავ მანგერს ხერსონის მერის მრჩევლისა და საზოგადოებრივი აქტივისტის, ეკატერინა განდზიუკის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა.
პროკურატურის განცხადების თანახმად, მანგერის ქმედების მოტივი განდზიუკის საზოგადოებრივი აქტივობის გამო გაჩენილი პირადი სიძულვილი გახდა. პროკურატურის ცნობით, განდზიუკი თავისი საქმიანობით წინააღმდეგობას უწევდა ხელოვნურად გაჩენილი ხანძრების საბაბით ტყეების გაჩეხვას და ხერსონის ოლქის კრიმინალური წრეების წარმომადგენელთა სხვა საქმიანობას.
კიევში გამართულ ბრიფინგზე ლუცენკომ ხერსონის საოლქო საბჭოს თავმჯდომარე ვლადისლავ მანგერს „დანაშაულის მწვერვალი“ უწოდა.
უკრაინის გენერალური პროკურორის მტკიცებით, სწორედ მან დაუკვეთა მკვლელობა და ნაწილობრივ ორგანიზება გაუწია დაფინანსების გზით. როგორც ლუცენკომ აღნიშნა, არსებობს მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ხერსონის საოლქო საბჭოს თავმჯდომარის დანაშაულს ადასტურებს.
2018 წლის 31 ივლისს უკრაინის ქალაქ ხერსონში უცნობმა პირმა ეკატერინა განდზიუკს მჟავა შეასხა. ქალმა სხეულის მესამედის ქიმიური დამწვრობა მიიღო. 4 ნოემბერს იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა. თავად განდზიუკი თავდასხმის დამკვეთებად სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს მიიჩნევდა.