უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთმა უკრაინის შვიდ ოლქზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა, დაღუპულია სამი ადამიანი
უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთმა დღეს, დილით უკრაინის შვიდ ოლქზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა. გავრცლებული ცნობით, დაღუპულია სამი ადამიანი.
რუსული რაკეტა ლუცკში მდებარე სამრეწველო ობიექტს მოხვდა, დაშავდა სამი ადამინი. ასევე, სარაკეტო თავდასხმის სამიზნე იყო ქალაქი ლვოვი, სადაც საცხოვრებელი სახლები დაზიანდა. გაჩნდა რამდენიმე ხანძარი, რომელთა ჩაქრობა ოპერატიულად მოხერხდა. ლვოვზე იერიშის შედეგად დაშავდა ათზე მეტი ადამიანი. ასევე დაზიანდა 40 სახლი დნიპროში. ერთ-ერთი რუსული რაკეტა საცურაო აუზს მოხვდა. ამასთან, დაზიანდა ერთ-ერთი საწარმო, დაშავდა ორი ადამიანი.
აფეთქებების ხმა ისმოდა ხმელნიცკისა და ჩერკასკის ოლქებში. შედეგად, დაზიანდა ინფრასტრუქტურა და მოსახლეობის ნაწილს წყალი არ მიეწოდება. უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, სულ რუსეთის არმიამ უკრაინის მიმართულებუით 28 რაკეტა გაუშვა, რომელთაგან 16-ის ჩამოგდება უკრაინელმა სამხედროებმა შეძლეს.
რაც შეეხება ფრონტის ხაზზე ვითარებას, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი აცხადებს, რომ აღმოსავლეთ ნაწილში რუსი ოკუპანტების მხრიდან ცეცხლის გახსნის სიხშირე იკლებს, თუმცა რუსეთის ძალები გადაჯგუფებას ახდენენ. მისივე თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა ძლიერი დარტყმა მიიტანეს კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებით. განადგურებულია ტექნიკა და ცოცხალი ძალა.
მალიარის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ შეტევას ბახმუტის, ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებებით. შეტაკებები გრძელდება უროჟაინოესთან, სადაც უკრაინელები პოზიციების განმტკიცებას ცდილობენ. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქში იმყოფებოდა და ბრძოლის ველზე მყოფი ჯარისკაცები მოინახულა.