უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთმა ბოლო 24 საათში ხარკოვის ოლქის 17 დასახლებული პუნქტის მისამართით გახსნა ცეცხლი, არიან დაღუპულები და დაშავებულები
უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთმა ბოლო 24 საათში ხარკოვის ოლქის 17 დასახლებული პუნქტის მისამართით გახსნა ცეცხლი. არიან დაღუპულები და დაშავებულები.
როგორც ხარკოვის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინოგუბოვი იუწყება, რუსეთის იერიშების შედეგად რამდენიმე სახლს ცეცხლი გაუჩნდა. დაიღუპა 49 წლის მამაკაცი. დაშავებულებს შორის არის რამდენიმე ასაკოვანი ქალი.
ქალაქ ხარკოვში რუსეთის მიერ გაშვებული უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა. მათ შორის არის ერთი ბავშვი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, გუშინ ღამით რუსეთმა უკრაინის ტერიტორიას 24 დრონით შეუტია, რომელთაგან 23-ის ჩამოგდება უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა შეძლეს.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ასევე შეძლეს რუსული მოიერიშე თვითმფრინავის, „სუ-25“-ის ჩამოგდება.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოქალაქეებს მოუწოდა, მომდევნო დღეებში სიფრთხილე გამოიჩინონ. ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი პროვოკაციებს აგრძელებს, რომელთა მიზანიც შვეიცარიაში დაგეგმილი მშვიდობის სამიტის ჩაშლაა.