უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ზაპოროჟიეზე რუსეთის იერიშს სულ მცირე 17 ადამიანი ემსხვერპლა
უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ზაპოროჟიეზე რუსეთის იერიშს სულ მცირე 17 ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა, ომის 228-ე დღეს, ქალაქ ზაპოროჟიეზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. შედეგად, დაღუპულია სულ მცირე 17 ადამიანი. 49 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც ადგილობრივი მთავრობა აცხადებს, ქალაქის მიმართულებით ღამით და გამთენიისას 12 რაკეტა გაუშვეს. მათივე მტკიცებით, გამოყენებული იყო ტაქტიკური ავიაცია. რაკეტების უმეტესობა მრავალსართულიან სახლებს მოხვდა. ამჟამად ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების სამსახურები. ხელისუფლებამ მოუწოდა მოქალაქეებს, დაეხმარონ მაშველებს ნანგრევებში მოყოლილთა სამძებრო სამუშაოებში.

მომხდარს უკვე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი და რუსეთის არმიის მიერ საცხოვრებელ სახლებზე მიტანილ იერიშს ტერორიზმი უწოდა.

„არაადამიანები და ტერორისტები. ყველა, ვინც ეს განკარგულება გასცა და ვინც აღასრულა, პასუხს აგებს, აუცილებლად, კანონის და ხალხის წინაშე“, – წერს ტელეგრამ არხში უკრაინის პრეზიდენტი.

პარალელურად, გრძელდება საბრძოლო მოქმედებები. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ოკუპანტები უკრაინის ტერიტორიაზე ბოლო 24 საათის განმავლობაში განაგრძობდნენ სარაკეტო და საავიაციო დარტყმებს. ასევე, 75-ჯერ გახსნეს ცეცხლი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან. ბოლო 24 საათში უკრაინელებსა და რუს სამხედროებს შორის 40 შეტაკება მოხდა. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ცხრა დასახლებასთან რუსეთის არმიის შეტევის მოგერიება. უკრაინულმა ავიაციამ დღე-ღამეში 30 დარტყმა მიიტანა რუსი ჯარისკაცების პოზიციებზე. განადგურებულია ცოცხალი ძალა და ტექნიკა.