უკრაინის ხელისუფლება ტყვედ ჩავარდნილი რუსი მებრძოლების დახვრეტის ბრალდებას პასუხობს
უკრაინის ხელისუფლება ტყვედ ჩავარდნილი რუსი მებრძოლების დახვრეტის ბრალდებას პასუხობს

უკრაინის ხელისუფლება ტყვედ ჩავარდნილი რუსი მებრძოლების დახვრეტის ბრალდებას პასუხობს.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განაცხადებით, „როგორც გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, ერთ-ერთი რუსი სამხედრო მოსამსახურე ცდილობს, წინააღმდეგობა გაუწიოს უკრაინელ ჯარისკაცებს“.

„თუ ტყვედ ჩაბარება გადაწყვიტე, მერე კი უცებ იარაღს იღებ, მაშინ შენ არ ხარ გმირი, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ვინმეს, არამედ შენ ჩადიხარ სამხედრო დანაშაულს ჟენევის კონვენციის საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება, რომ ტყედ ჩაბარების მსურველი საფრთხეს არ წარმოადგენს, უნდა მიიღოს მან, ვინც მას ტყვედ ჩაიბარებს.

ვიდეოდან ვერ ვიგებთ, როგორ იქცეოდნენ ისინი, ვინც მიწაზე იწვნენ, ან ზოგიერთი მათგანი მაინც, და რა ვითარებაში დაიღუპნენ, თუ ისინი მართლაც გაანადგურეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელმა.

ანალოგიური განცხადება გააკეთა უკრაინის სახალხო დამცველმა დმიტრო ლუბინეცმაც. მისი თქმით, „ვიდეოს ფრაგმენტებიდან ჩანს, რომ რუსმა სამხედროებმა ტყვედ ჩაბარების ინსცენირება გამოიყენეს სამხედრო დანაშაულის ჩასადენად და ცეცხლი გაუხსნეს უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროებს“.

„ასეთ შემთხვევაში რუსი სამხედროები არ შეიძლება, ჩაითვალონ სამხედრო ტყვეებად. ხოლო საპასუხო ცეცხლი უკრაინელების მხრიდან არ არის ომის დანაშაული. პირიქით, ის რუსი სამხედროები, რომლებმაც ისარგებლეს საერთაშორისო სამართლის დაცვით მკვლელობისთვის, უნდა დაისაჯონ“, – განაცხადა უკრაინის სახალხო დამცველმა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ, რომ გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინელი სამხედროები ტყვედ ჩაბარებული რუსი ჯარისკაცების დახვრეტაში დაადანაშაულა. ეს ბრალდება ეფუძნება ტელეგრამარხებზე გამოქვეყნებულ ვიდეოს, რომელიც, სავარაუდოდ, მაკეევკაშია გადაღებული.