უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილე - 600-ზე მეტი პატიმარი უკვე შეუერთდა ჯარს, ეს მაჩვენებელი იზრდება და მობილიზაციის სურვილი 4 000-ზე მეტმა მსჯავრდებულმა გამოთქვა
პირველმა მსჯავრდებულებმა, რომლებიც შეუერთდნენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, რუსი სამხედროები ტყვედ აიყვანეს, – ამის შესახებ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ელენა ვისოცკაიამ განაცხადა.
ვისოცკაიამ აღნიშნა, რომ პირველი მსჯავრდებულები, რომლებიც შეუერთდნენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, ახლა კოორდინაციას გადიან და ზოგიერთმა მოახერხა „საკუთარი თავის გამოჩენა“ რუსი სამხედროების ტყვედ აყვანით.
„მსჯავრდებულები, რომლებიც ახლა აპირებენ მსახურებას, ამას აკეთებენ შემოწმების შემდეგ, მათ კანონის შესაბამისად მოამზადებენ და შეასრულებენ სამუშაოს, რომელიც მნიშვნელოვანია ფრონტზე. არაა აუცილებელი, იარაღი გამოიყენონ, მაგრამ თუნდაც იარაღის გამოყენებით, მე უკვე მივიღე ინფორმაცია, რომ ერთ-ერთმა პირველმა მსჯავრდებულმა აიყვანა ტყვედ რუსი სამხედრო“, – განაცხადა ვისოცკაიამ.
მისივე თქმით, 600-ზე მეტი პატიმარი უკვე შეუერთდა ჯარს და ეს მაჩვენებელი იზრდება. 29 მაისის მდგომარეობით, მობილიზაციის სურვილი გამოთქვა 4 000-ზე მეტმა მსჯავრდებულმა, ახლა მათი განცხადებები სასამართლოში უნდა განიხილონ.
ვისოცკაიამ განაცხადა, რომ სად იმსახურებენ ყოფილი პატიმრები, ამას თავდაცვის სამინისტრო განსაზღვრავს, თუმცა აღნიშნა, რომ უკრაინული პრაქტიკა არ იმეორებს რუსულ პრაქტიკას.
„ერთი მხრივ, მივიღეთ გამოწვევა, რომ არ განმეორდეს რუსეთის შეცდომები და არადემოკრატიული მიდგომები, მეორე მხრივ, მსჯავრდებულებს არ უნდა მივცეთ საშუალება, ასე ვთქვათ, მსახურობდნენ ზურგში განლაგებულ ნაწილებში, თავიანთი სასჯელი ჩაანაცვლონ რეალურად თავისუფლებით. ასევე მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ ამ დროს ამ ადამიანებმა უნდა იმუშაონ სახელმწიფოსთვის და კონტრაქტი გაფორმებული იყოს საომარი მდგომარეობის დასრულებამდე“, – აღნიშნავს ვისოცკაია.
მანამდე უკრაინის იუსტიციის მინისტრმა, დენის მალიუსკამ განაცხადა, რომ მომხრეა მობილიზაციის შესაძლებლობა იმ პატიმრებსაც მიეცეთ, რომლებიც სასჯელს ერთი მკვლელობისთვის იხდიან.