უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკისა და შახტიორსკის მიმართულებებზე შეტევას ცდილობენ
რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინაში შეტევის განხორციელებას ცდილობენ კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკისა და შახტიორსკის მიმართულებებზე. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის არმიის გენშტაბი ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, რუსეთის საარმიო ნაწილები აგრძელებენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევას, ახორციელებენ საარტილერიო დაბომბვას სამოქალაქო ობიექტებსა და მშვიდობიანი მოსახლეობის სახლებზე, ცდილობენ, გაანადგურონ კრიტიკული ინფრასტრუქტურა.
გასული ღამის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა 23 საჰაერო და ოთხი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, ასევე 20-ჯერ გახსნეს ცეცხლი რეაქტიული სარაკეტო სისტემებიდან. პარალელურად, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ 5 მარტს 10-ჯერ დაბომბა რუსული ჯარების პერსონალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის უბნები.