უკრაინის გენშტაბის ცნობით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალებმა უკრაინის მიმართულებით გაშვებული 21 უპილოტო საფრენი აპარატიდან 16 გაანადგურეს
უკრაინის გენშტაბის ცნობით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალებმა უკრაინის მიმართულებით გაშვებული 21 უპილოტო საფრენი აპარატიდან 16 გაანადგურეს.
უკრაინული მედიის ცნობით, გუშინ, ღამით უკრაინის რამდენიმე რეგიონში საჰაერო შეტევის მანიშნებელი განგაში იყო გამოცხადებული. მათ შორის კიევის, ხმელნიცკისა და ჟიტომირის ოლქებში.
უკრაინის გენშტაბი ასევე იუწყება, რომ ბოლო 24 საათში უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსეთის არმიის 114 შეტევის მოგერიება შეძლეს. რუსის ჯარისკაცების ძირითადი ძალისხმევა კვლავაც ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკას, მარინკისა და შახტიორსკისკენაა მიმართული.
უკრაინელი სამხედროების ცნობით, ბოლო დღე-ღამეში რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 10 სარაკეტო და 32 საავიაციო დარტყმა მიიტანა, ასევე 90-ჯერ გაისროლა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან.
თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპანტების ცოცხალი ძალისა და ტექნიკის შეკრების ექვს ადგილზე მიიტანეს იეირიში. ამასთან, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ შეძლო ორი X-59-ის ტიპის რაკეტის ჩამოგდება, ასევე გაანადგურეს რუსეთის არმიის ერთი საწყობი, ორი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი და ერთი რადიოლოკაციური სადგური.