უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე ოთხი სარაკეტო და 41 საავიაციო დარტყმა განახორციელეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის ძალებმა ოთხი სარაკეტო და 41 საავიაციო დარტყმა განახორციელეს, 57-ჯერ გახსნეს ცეცხლი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან უკრაინული ჯარის პოზიციებისა და დასახლებული პუნქტების სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიმართულებით. გენშტაბის ინფორმაციით, მშვიდობიან მოსახლეობაში არიან დაშავებულები.
როგორც გენშტაბში აცხადებენ, მტერი მნიშვნელოვან დანაკარგს განიცდის, თუმცა განაგრძობს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკისა და მარინკის მიმართულებებზე. ფრონტის აღნიშნულ მონაკვეთებზე გასულ დღე-ღამეში უკრაინელებმა მტრის 70-ზე მეტი თავდასხმა მოიგერიეს. საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრში კვლავ ბახმუტი და მარინკა რჩებიან. უკრაინის თავდაცვის ძალებმა 14 დარტყმა განახორციელეს რუსეთის ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ადგილებზე.