უკრაინის გენშტაბი - უკრაინის შეიარაღებული ძალები ღირსეულ პასუხს სცემენ და აჩერებენ რუსეთის სამხედრო ძალების შეტევით ოპერაციას ყველა მიმართულებით
უკრაინის შეიარაღებული ძალები ღირსეულ პასუხს სცემენ და აჩერებენ რუსეთის სამხედრო ძალების შეტევით ოპერაციას ყველა მიმართულებით. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება.
„დღის განმავლობაში დამპყრობლები ცდილობდნენ დაკავებულ ტერიტორიებზე გამაგრებას, ჯარების გადაჯგუფებას, საბრძოლო შესაძლებლობების აღდგენას, რაკეტების, საბრძოლო მასალის, საწვავის მარაგის შევსებას. პერსონალის მნიშვნელოვანი დანაკარგებისა და შეტევის შენელების გამო, მტერი აგრძელებს რეზერვის შექმნას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე“, – ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.
„მტერი ცდილობს უკრაინის თავდაცვის გარღვევას პოლესკოეს, კუხარის, ჟვტნევის, ანდრეევკას, კოპილოვის, მოტიჟინის, ბუზოვას, გორენიჩის, ბუჩას, დემიდოვის მიმართულებით და აგრეთვე, კიევის ბლოკირებას.
რუსეთის სევერსკის მიმართულებიდან მოწინააღმდეგე შეჩერებულია ჩერნიგოვის თავდაცვის გარღვევის დროს. არ არის გამორიცხული მტრის შემდგომი მოძრაობა ბროვარის მიმართულებით აღმოსავლეთიდან.
ხარკოვის მიმართულებით მტერი აგრძელებს ქალაქის ჩრდილოეთიდან გადაკეტვის წარუმატებელ მცდელობებს. ხარკოვის რეგიონში საომარი მოქმედებების წარმოებაში მონაწილეობენ რუსი რეზერვისტების ხარჯზე ჩამოყალიბებული მსროლელი პოლკები.
დონეცკისა და რუსეთის ტავრიჩესკის მიმართულებიდან, დამპყრობლები კონცენტრირებული არიან უკრაინის ქალაქების – მარიუპოლისა და სევეროდონეცკის აღებაზე.
იუჟნობუზსკის მიმართულებით, დამპყრობლები ცდილობენ, გამაგრდნენ საკონტაქტო ხაზებზე, დაამყარონ კონტროლი ქალაქ ნიკოლაევზე და განავითარონ შეტევა ზაპოროჟიესა და კრივოი როგის მიმართულებით.
„რუსი ოკუპანტები შეჩერებული არიან, დემორალიზებული არიან და მნიშვნელოვან ზიანს განიცდიან“, – აცხადებენ უკრაინის გენერალურ შტაბში.
გენშტაბის ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ შავი ზღვისა და აზოვის საოპერაციო ზონებში ამინდის პირობები უკრაინელთა სასარგებლოდ იყო და აიძულებდა ოკუპანტების ხომალდებს საზღვაო ბაზებზე დაბრუნებას.
„უკრაინის შეიარაღებული ძალები, თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტებთან მჭიდრო თანამშრომლობით, სასტიკ წინააღმდეგობას უწევენ რუს ოკუპანტებს, აყენებენ მათ მნიშვნელოვან საცეცხლე ზიანს ცოცხალი ძალითა და სამხედრო ტექნიკით“, – ნათქვამია უკრაინის გენშტაბის ინფორმაციაში.
უკრაინული მედიის ცნობებით, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა საჰაერო იერიშები ლუცკსა და ივანო-ფრანკოვსკიზე, რომელიც დღეს დილით განხორციელდა.
არსებული ცნობებით, 11 მარტს უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე მაღალი სიზუსტის შორი მოქმედების იარაღი იქნა გამოყენებული და ამ ორ ქალაქში მდებარე სამხედრო აეროდრომები დაზიანდა.
ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 24 თებერვლიდან 11 მარტამდე რუსული საოკუპაციო ჯარების დანაკარგების შესახებ განახლებული ინფორმაცია გამოაქვეყნა.
„უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსმა ოკუპანტებმა დაკარგეს პირადი შემადგენლობის 12 ათასზე მეტი ჯარისკაცი, 353 ერთეული ტანკი, 1 165 ერთეული ქვეითთა საბრძოლო მანქანა, 125 ერთეული საარტილერიო სისტემა, 58 ერთეული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 31 ერთეული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, 57 ერთეული თვითმფრინავი, 83 ერთეული ვერტმფრენი, 558 ერთეული საავტომობილო ტექნიკა, სამი ერთეული საზღვაო ხომალდი, 60 ერთეული საწვავის ავზი, შვიდი ერთეული უპილოტო საფრენი აპარატი“, – აღნიშნულია გენშტაბის ინფორმაციაში.
მათვე ცნობით, ზუსტი მონაცემების დათვლა რთულდება მაღალი საბრძოლო ინტენსივობის გამო და მუდმივად მიმდინარეობს მონაცემების განახლება.