უკრაინის გენშტაბი - რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინაში სამი სარაკეტო და ერთი ავიაიერიში განახორციელა
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინაში სამი სარაკეტო და ერთი ავიაიერიში განახორციელა, რუსმა სამხედროებმა 15-ზე მეტი დასახლებული პუნქტი დაბომბეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის არმიის გენშტაბი ავრცელებს. მათივე ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 30-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემებიდან განახორციელეს.
როგორც გენშტაბში აცხადებენ, რუსეთის ჯარებმა ნიკოპოლის რაიონში ცეცხლი გახსნეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან. გავრცელებული ცნობით, ბელარუსი აგრძელებს რუსეთის შეიარაღებული აგრესიის მხარდაჭერას უკრაინის წინააღმდეგ, ხოლო რუსეთს, იმავდროულად, ბელარუსის ტერიტორიაზე ცალკეული შენაერთები გადაჰყავს.
უკრაინის არმიის გენშტაბის ცნობით, რუსეთის ჯარები ახორციელებენ მოსამზადებელ სამუშაოებს ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპიროდან საარტილერიო ნაწილების გასაყვანად. ამასთან, ხარკოვის რეგიონში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდეს.