უკრაინის გენშტაბი - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის ძალებმა ხუთი მიმართულებით მოწინააღმდეგის 100-ზე მეტი თავდასხმა მოიგერიეს
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა ხუთი მიმართულებით მოწინააღმდეგის 100-ზე მეტი თავდასხმა მოიგერიეს. შესაბამის ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.
გენშტაბის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქზე 29 საავიაციო და ოთხი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. ოკუპანტებმა 100-ჯერ გახსნეს ცეცხლი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან. არიან დაშავებულები მშვიდობიან მოსახლეობას შორის. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი სახლები.
როგორც გენშტაბში აცხადებენ, რუსი სამხედროები კვლავ ცდილობენ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებზე გასვლას. მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის, მარიინსკისა და შახტერსკის მიმართულებებზე შეტევისკენ.
უკრაინული მხარის განცხადებით, უკრაინის ძალებმა რუსეთის პირადი შემადგენლობის კონცენტრაციის 16 ადგილზე, ასევე მოწინააღმდეგის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის პოზიციასა და საბრძოლო მასალების საწყობზე განახორციელეს დარტყმა. უკრაინელმა სამხედროებმა ასევე ჩამოაგდეს ერთი უპილოტო საფრენი აპარატი.