უკრაინის გენერალურმა პროკურორმა სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებული ფოტოებიდან ზურაბ ადეიშვილი ჩამოაჭრა
უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ანდრეი კოსტინმა ჰააგაში გამართული შეხვედრების შესახებ პოსტებზე ფოტოები დააკორექტირა.
თავდაპირველად გამოქვეყნებული პოსტების ფოტოებში ზურაბ ადეიშვილი ჩანდა. მოგვიანებით, პოსტები წაიშალა, ფოტოებზე კი, ახალგამოქვეყნებულ პოსტებზე ზურაბ ადეიშვილი ჩამოჭრილია.
უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩეველი ზურაბ ადეიშვილი ჰააგაში იმყოფება, სადაც შეხვედრებში მონაწილეობს. კოსტინის პოსტები კი ნიდერლანდების იუსტიციის მინისტრთან გამართულ შეხვედრას ეხება.
უკრაინის დელეგაციას გენერალური პროკურორი ანდრეი კოსტინი ხელმძღვანელობს.
საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი საქართველოში რამდენიმე საქმეზეა ბრალდებული, რამდენიმეზე კი – მსჯავრდებული.
საქართველოს პროკურატურაში განაცხადეს, რომ ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით ჰოლანდიის კომპეტენტურ უწყებებს მიმართეს.