უკრაინის გენერალური პროკურორი აცხადებს, რომ უწყება რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილ 21 000 სამხედრო დანაშაულს იძიებს
უკრაინის გენერალური პროკურორის, ირინა ვენედიქტოვას განცხადებით, უწყება 21 000 სამხედრო დანაშაულს იძიებს, რომლებიც ომის დაწყების შემდეგ რუსულმა ძალებმა ჩაიდინეს. მისი თქმით, ყოველდღიურად იღებენ შეტყობინებებს 200-300-მდე სამხედრო დანაშაულის შესახებ. ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ვენედიქტოვა აღნიშნავს, მრავალი სასამართლო პროცესის წარმართვა დაუსწრებლად მოუწევთ.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსმა სამხედროებმა, რომლებმაც გადაწყვიტეს, დაეხოცათ მშვიდობიანი მცხოვრები, ეწამებინათ, გაეუპატიურებინათ, იცოდნენ, რომ ეს მხოლოდ დროის საკითხია, როდესაც ისინი სასამართლოს წინაშე წარდგებიან“, – აღნიშნავს გენერალური პროკურორი.