უკრაინის გენერალური პროკურატურა კომპანია „ბურისმას“ საქმის გადახედვას გეგმავს
უკრაინის გენერალური პროკურატურა კომპანია „ბურისმას“ საქმის გადახედვას გეგმავს

უკრაინის გენერალური პროკურატურა კომპანია „ბურისმას“ საქმეს გადახედავს, – ამის შესახებ დღეს ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა, რუსლან რიაბოშაპკამ განაცხადა.

მისი თქმით, საუბარია კვიპროსზე დარეგისტრირებულ კომპანიასთან დაკავშირებულ 15 საქმეზე, რომელთაგან ერთ-ერთ ეპიზოდში აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შვილი ჰანტერ ბაიდენიც ფიგურირებს.

პროკურორმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მასთან არც უკრაინელ და არც უცხოელ პოლიტიკოსებს არ ჰქონიათ კომუნიკაცია და გავლენის მოხდენის მცდელობა.

საქმე ეხება ჯო ბაიდენის უფროს ვაჟს, რომელიც 2014 წელს უკრაინულ გაზის კომპანია „ბურისმას“ დირექტორთა საბჭოში დასაქმდა. 2016 წელს მაშინ ჯერ კიდევ ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი უკრაინის გენერალური პროკურორის ვიქტორ შოკინის გადადგომას ითხოვდა, რომელიც კომპანია „ბურისმას“ საქმიანობას იძიებდა. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტრამპი უკრაინელ კოლეგასთან, ვლადიმირ ზელენსკისთან 25 ივლისს გამართულ სატელეფონო საუბარში ამ საქმის გამოძიებას ითხოვდა, რასაც „დემოკრატები“ ზეწოლად მიიჩნევენ.