უკრაინის ეროვნული გვარდიის სპიკერი აცხადებს, რომ რუსი სამხედროები ქალაქ სელიდოვოში ცდილობენ შეღწევას, თუმცა უკრაინის ძალები თავდაცვას ინარჩუნებენ
უკრაინის ეროვნული გვარდიის სპიკერი აცხადებს, რომ რუსი სამხედროები ქალაქ სელიდოვოში ცდილობენ შეღწევას, თუმცა უკრაინის ძალები თავდაცვას ინარჩუნებენ

რუსი სამხედროები დონეცკის ოლქის ქალაქ სელიდოვოში შეღწევას ცდილობენ, უკრაინის ძალები თავდაცვას ინარჩუნებენ და ქალაქის შემოგარენიდან რუსეთის ქვეითთა ჯგუფებს იგერიებენ.

ამის შესახებ უკრაინის ეროვნული გვარდიის სპიკერმა, პოლკოვნიკმა რუსლან მუზიჩუკმა განაცხადა.

„მტერი ცდილობს, ისაუბროს ქალაქის რაიონების კონტროლზე. თუმცა ჩვენი ქვედანაყოფები მუშაობენ, რათა აკონტროლონ და გაანადგურონ ქვეითები, რომლებიც ცდილობენ შემოგარენში შეღწევას და ქალაქში შესვლას, კერძოდ, დასახლებულ პუნქტ მიხაილოვკის რაიონიდან“, – განუცხადა მუზიჩუკმა უკრაინულ მედიას.

მისი თქმით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის ძალებმა სელიდოვოზე 19 შეტევა განახორციელეს ქვეითთა მნიშვნელოვანი რაოდენობის გამოყენებით.

როგორც ეროვნული გვარდიის წარმომადგენელმა განაცხადა, რუსული მხარის დანაკარგი 118 სამხედროს შეადგენს.

პოლკოვნიკის ინფორმაციით, მტერი აქტიურად იყენებს სელიდოვოს წინააღმდეგ ავიაციასა და არტილერიას.