უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი საქართველოში იმყოფება. შესაბამისი ვიდეოკადრები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა.
უკრაინის ელჩი თბილისში, ელჩის საცხოვრებელ რეზიდენციასთან დააფიქსირეს. მან სატელევიზიო კომენტარი არ ისურვა და ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფს ვენის კონვენციის დაცვისკენ მოუწოდა.
„ეს არის კერძო რეზიდენცია. გთხოვთ, წაიკითხოთ ვენის კონვენცია და დაიცვათ წესები. წინააღმდეგ შემთხვევაში, დავრეკავ პოლიციაში“, – მიმართა იგორ დოლგოვმა „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს.
საქართველოს პირველმა არხმა იგორ დოლგოვთან დაკავშირება სცადა. უკრაინის ელჩმა საპასუხო შეტყობინებაში განაცხადა, რომ ხვალ საელჩოში მედიასთან შეხვედრაა დაგეგმილი.
უკრაინის ელჩი მედიასთან მას შემდეგ არ გამოჩენილა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან გაიწვია.