უკრაინის დაზვერვის სამსახურში აცხადებენ, რომ 24 იანვარს სამხედრო ტყვეები უნდა გაეცვალათ და ამოწმებენ ინფორმაციას ჩამოვარდნილ თვითმფრინავში უკრაინელი სამხედრო ტყვეების შესაძლო ყოფნის შესახებ
უკრაინის დაზვერვის სამსახური ადასტურებს, რომ 24 იანვარს უკრაინას და რუსეთს სამხედრო ტყვეები უნდა გაეცვალათ. ამასთან, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის, ანდრეი იუსოვის ინფორმაციით, დაგეგმილი გაცვლა ჯერ არ ხდება.
იუსოვის თქმით, უკრაინა ამოწმებს რუსეთის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბელგოროდის რეგიონში ჩამოვარდნილი „ილ-76“-ის ბორტზე, შესაძლოა, უკრაინელი სამხედრო ტყვეები ყოფილიყვნენ.
რუსეთის ხელისუფლების ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროების მიერ ჩამოგდებული თვითმფრინავის ბორტზე 65 უკრაინელი სამხედრო ტყვე იმყოფებოდა.
ამასთან, მედიის ცნობით, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ვერ ადასტურებს, რომ ბელგოროდის ოლქში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი უკრაინის თავდაცვის ძალების თავდასხმა გახდა.