უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ დაადასტურა, რომ ესპანეთში მოკლული იპოვეს რუსი პილოტი, რომელმაც ვერტმფრენი რუსეთიდან უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანა
უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ დაადასტურა, რომ ესპანეთში მოკლული იპოვეს პილოტი, რომელმაც ვერტმფრენი რუსეთიდან უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანა. ამის შესახებ განცხადება უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა, ანდრეი იუსოვმა „ბიბისის“ რუსულენოვან სამსახურთან გააკეთა.
საუბარია 33 წლის რუს პილოტზე, მაქსიმ კუზმინოვზე, რომელმაც შარშან, აგვისტოში ვერტმფრენი „მი-8“ უკრაინაში გადაიყვანა. იმავე წლის სექტემბერში უკრაინის დაზვერვამ ამ ოპერაციის დეტალები გაავრცელა. თავად კუზმინოვი ამტკიცებდა, რომ უკრაინულ მხარეს დაუკავშირდა, რადგანაც არ სურდა, ხელი შეეწყო რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებისთვის.
2023 წლის ოქტომბერში რუსეთის სახელმწიფო ტელეკომპანიამ გაავრცელა სიუჟეტი, რომლის ავტორიც ამტკიცებდა, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა „მოღალატე პილოტის ლიკვიდაციის განკარგულება უკვე მიიღეს“.
კუზმინოვის სიკვდილის შესახებ ცნობები 19 თებერვალს გაავრცელა რუსულმა სახელმწიფო სააგენტო „იტარ-ტასმა“. შემდეგ ამავე სააგენტომ, ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით, გაავრცელა ცნობა, რომ მოკლულის ვინაობა, შესაძლოა, არასწორად იყო დადგენილი.