უკრაინის არმიის ნაწილებმა დონეცკის რეგიონის ქალაქ ჩასოვ იარის ერთ რაიონთან უკან დაიხიეს
უკრაინის არმიის ნაწილებმა დონეცკის რეგიონის ქალაქ ჩასოვ იარის ერთ რაიონთან უკან დაიხიეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქალაქ ჩასოვ იარში, კანალის მიკრორაიონიდან უკრაინელი სამხედროების გაყვანის მიზეზი რუსეთის არმიის მიერ უკრაინული პოზიციების განადგურება გახდა.
ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის, „ხორტიცას“ წარმომადგენლების ცნობით, კანალის მიკრორაიონში ყოფნა, რომელშიც რუსეთის სამხედროები შევიდნენ, საფრთხეს უქმნიდა უკრაინის სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლეს.
„სარდლობამ გადაწყვიტა უკან დახევა უფრო დაცულ და მომზადებულ პოზიციებზე, თუმცა იქაც მტერი არ წყვეტს აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს. მტრის დაბომბვის უმეტესი ნაწილი სწორედ ქალაქ ჩასოვ იარის სამხრეთ ნაწილზე მოდის. ოკუპანტები ახორციელებენ საარტილერიო დაბომბვას, იყენებენ მართვად საჰაერო ბომბებს და კამიკაძე უპილოტო აპარატებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.