უკრაინის ახალდანიშნულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან, ასევე გერმანელ და რუმინელ კოლეგებთან სატელეფონო საუბარი გამართა
უკრაინის ახალდანიშნულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან, ასევე გერმანიისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ანალენა ბერბოკსა და ლუმინიცა ოდობესკუსთან სატელეფონო საუბრები გამართა.
სიბიგას განცხადებით, ბლინკენთან მან განიხილა სამხედრო დახმარების მიწოდების დაჩქარების გზები, ასევე უკრაინის „მშვიდობის ფორმულის“ შესრულება და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერება.
„ველოდები მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად“, – დაწერა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოციალურ ქსელ X-ში.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ენტონი ბლინკენმა მიულოცა სიბიგას მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა და ხაზი გაუსვა აშშ-ისა და უკრაინის პარტნიორობის ურყევ სიმტკიცეს, მათ შორის უკრაინის სამხედრო, ეკონომიკურ და ჰუმანიტარ მხარდაჭერას.
გერმანელ კოლეგასთან საუბრისას სიბიგამ მადლობა გადაუხადა მას გერმანიის მხარდაჭერისთვის. გერმანელმა და უკრაინელმა დიპლომატებმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის გახსნის წინ პოზიციების კოორდინირება მოახდინეს. მანამდე ანალენა ბერბოკმა სოციალურ ქსელში ანდრეი სიბიგას მინისტრად დანიშვნა მიულოცა და განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია ჰქონდეს გერმანიის მხარდაჭერის იმედი.
რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სიბიგამ ისაუბრა უკრაინასა და რუმინეთს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების გაღრმავების გზებზე. ასევე, სიბიგამ მადლობა გადაუხადა მას რუმინეთის გადაწყვეტილებისთვის, გადასცეს უკრაინას Patriot-ის ანტისარაკეტო სისტემა.
ანდრეი სიბიგა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრად 5 სექტემბერს დაამტკიცეს. მან აღნიშნულ თანამდებობაზე დმიტრო კულება შეცვალა.