უკრაინელმა მესაზღვრეებმა სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მცდელობის გამო მოლდოვის საზღვართან 27 მამაკაცი დააკავეს
უკრაინელმა მესაზღვრეებმა სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მცდელობის გამო მოლდოვის სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს 27 მამაკაცი დააკავეს. როგორც უკრაინის სასაზღვრო სამსახური იუწყება, სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, რომელშიც უკრაინის ეროვნული პოლიციაც მონაწილეობდა, დააკავეს 27 მამაკაცი, რომლებიც მოლდოვის დნესტრისპირეთის რეგიონში უკანონოდ შეღწევას ცდილობდნენ.
როგორც უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, სქემის ორგანიზატორებმა სახელმწიფო საზღვრის კვეთის მარშრუტი მამაკაცებს ტელეგრამით გადასცეს. საზღვრის კვეთის შემდეგ მათ ორგანიზატორებისთვის უნდა გადაეხადათ 4-7 ათასი დოლარი კრიპტოვალუტით.
მამაკაცები, რომლებიც ცდილობდნენ, სამხედრო სამსახურისთვის თავი აერიდებინათ, შეკრების ადგილას თავად მიდიოდნენ მატარებლით, ტაქსით, ზოგიერთი მათგანი კი დანიშნულების ადგილას მანქანით ქალებს მიჰყავდათ. ამის შემდეგ ისინი ფეხით მიემართებოდნენ სახელმწიფო საზღვრისკენ, თუმცა ერთ-ერთ სოფელში ისინი მესაზღვრეებმა დააკავეს.
დაკავებულების წინააღმდეგ საქმეები ადმინისტრაციული წესით აღიძრა და სასამართლოს გადაეცა. სასაზღვრო სამსახური სქემასთან დაკავშირებული პირების გამოვლენაზე მუშაობას აგრძელებს.