უკრაინელი სამხედროების მტკიცებით, სადესანტო ბრიგადებმა რუსეთის საზღვრის კიდევ ერთი მონაკვეთი გაარღვიეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების 95-ე ცალკეული საჰაერო-სადესანტო ბრიგადის მებრძოლებმა რუსეთის საზღვრის ერთ-ერთი მონაკვეთი გაარღვიეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო-სადესანტო ჯარების სარდლობის საკომუნიკაციო სამმართველო ავრცელებს.
„უკრაინის შეიარაღებული ძალების 95-ე ცალკეული საჰაერო-სადესანტო ბრიგადის ქვედანაყოფებმა რუსეთის საზღვრის ერთ-ერთი მონაკვეთი გაარღვიეს. ეს არის რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის ტერიტორიაზე ოპერაციის დაწყებიდან რუსეთის საზღვრის გარღვევის უკვე მეორე წარმატებული ოპერაცია“, – ნათქვამია განცხადებაში.
მებრძოლებმა გაავრცელეს ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ჭრიან სამხედროები გასასვლელებს საინჟინრო ზღუდეებში და როგორ შედიან საჰაერო-სადესანტო ქვედანაყოფები მტრის ტერიტორიაზე. ასევე ვიდეოში ნაჩვენებია შეტაკებები საზღვრისპირა ზოლში, სადაც საჰაერო-სადესანტო ჯარების ტანკისტები მოწინააღმდეგის საყრდენ პუნქტს ანადგურებენ.
მებრძოლებმა არ დააკონკრეტეს, რუსეთის ფედერაციის საზღვრის რომელი მონაკვეთზეა საუბარი.