უკრაინელი სამხედრო ექსპერტი ოლეგ ჟდანოვი - უკრაინა თუ დაეცემა, მაშინ მთელი დასავლეთი დაეცემა და პუტინი გახდება მსოფლიო ჰეგემონი
უკრაინა თუ დაეცემა, მაშინ მთელი დასავლეთი დაეცემა და პუტინი გახდება მსოფლიო ჰეგემონი, – ამის შესახებ განცხადება უკრაინელმა სამხედრო ექსპერტმა ოლეგ ჟდანოვმა „საქართველოს რადიოსთან“ ინტერვიუში გააკეთა. ის აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ ბოლო დღეებში განხორციელებული სარაკეტო დარტყმების მიზანი შურისძიება და უკრაინის კაპიტულაციის იძულება იყო.
„რუსეთს ორი მიზანი ჰქონდა. პირველი – შურისძიება, რაც გახლავთ რუსეთის ფედერაციის ტრადიცია. როგორც კი უკრაინა რაიმე წარმატებას მიაღწევს ფრონტზე, ისინი მაშინვე იწყებენ შურისძიებას, თან ეს შურისძიება მიმართულია მოსახლეობისადმი, რადგანაც რუსეთს აღარ აქვს ძალა და საშუალება, ფრონტის ხაზზე გასცეს პასუხი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. მეორე და ყველაზე მთავარი მიზანი კი, არის პოლიტიკური. ეს არის უკრაინის იძულება კაპიტულაცია მოახდინოს. ამასთან, პუტინი არ ცვლის თავის ამოცანებს. ის არ აპირებს რაიმე დათმობაზე წასვლას. მისი მიზანი არის უკრაინის სრული პოლიტიკური შთანთქმა“, – განაცხადა უკრაინელმა ექსპერტმა.
მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის მიერ ნასროლი რაკეტების ნახევარზე მეტის ჩამოგდება ანტისარაკეტო სისტემის გარეშეც კი შეძლეს.
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკრაინას საერთოდ არ აქვს ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა. უკრაინამ უბრალოდ ისწავლა როგორ ებრძოლოს ფრთოსან რაკეტებს ანტისაჰაერო თავდაცვითი სისტემით. სამხედრო კუთხით ეს უაზრობაა. ეს სისტემა არ არის განკუთვნილი ფრთოსანი რაკეტების წინააღმდეგ გამოსაყენებლად. მიუხედავად ამისა, ჩვენ ეს შევისწავლეთ. შევიმუშავეთ ალგორითმი და ვცდილობთ, მათ ჩამოგდებას. ეფექტიანობა 50%-ს აჭარბებს. ანტისაჰაერო სისტემისთვის ეს ძალიან კარგი მონაცემებია. ზოგადად, კი უკრაინას სჭირდება ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა და აუცილებელია მისი შექმნა. პარტნიორები ასეთი სისტემების უკრაინისთვის გადაცემაზე უკვე რვა თვეა, საუბრობენ“, – განაცხადა ექსპერტმა.
ჟდანოვი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმების გამეორებას არ გამორიცხავს. ამასთან, ის ამბობს, რომ რუსეთს კოლექტიურ დასავლეთზე ზემოქმედების ერთადერთ ბერკეტად ბირთვული იარაღი რჩება.
„ერთადერთი გავლენის ბერკეტი, რაც პუტინს დარჩა, არის ბირთვული იარაღი. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ზემოქმედების ეს ბერკეტი უფრო კოლექტიურ დასავლეთზე მუშაობს და არა უკრაინაზე. ის შეეცდება ამ ბერკეტის გამოყენებას, რომ დასავლეთმა შეწყვიტოს უკრაინის დახმარება და აიძულოს კიევი, დაუბრუნდეს მოლაპარაკებების პროცესს. ასეთ შემთხვევაში, უკრაინა თუ დაეცემა, მაშინ მთელი დასავლეთი დაეცემა და პუტინი გახდება მსოფლიო ჰეგემონი, რომელმაც დაამარცხა კოლექტიური დასავლეთი“, – აცხადებს ჟდანოვი.
უკრაინელ სამხედრო ექსპერტ ოლეგ ჟდანოვთან ინტერვიუს სრულ ვერსიას მოისმენთ 14 ოქტომბერს, 14:00 საათზე „საქართველოს რადიოს“ ეთერში, ლევან ახალაიას საავტორო გადაცემაში „მსოფლიოს ამბები“