ალექსი გონჩარენკოს ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კიევის ორი რაიონი დაბომბეს, არიან დაშავებულები
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კიევის ორი რაიონი დაბომბეს, რის შედეგადაც არიან დაშავებულები. აღნიშნულის შესახებ უკრაინული მედია უმაღლესი რადას დეპუტატ ალექსი გონჩარენკოზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც მედია წერს, რუსებმა, „გრადის“ ტიპის სარაკეტო სისტემით კიევის სვიატოშნის რაიონში სავაჭრო ცენტრი დაბომბეს, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
მედიის ცნობით, ასევე დაიბომბა შევჩენკოვსკის რაიონში მდებარე საცხოვრებელი სახლები. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია სულ მცირე ოთხი პირი.
გარდა ამისა, უკრაინული მედია წერს, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჩერნიგოვში, მდინარე დესნაზე მდებარე საავტომობილო ხიდი დაბომბეს, რომელიც ქალაქს კიევთან აკავშირებდა. დაბომბვის შედეგად დაზიანებულია ხიდის ერთ-ერთი ღერძი.